ადმინისტრაციული სამართალი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1984 წლის 15 დეკემბერი
№161–Xს
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.